რუსთავის საკრებულოს ხუთივე კომისიას თავმჯდომარე “ნაციონალური მოძრაობიდან” ეყოლება

რუსთავის საკრებულომ სამი კომისიის თავმჯდომარე აირჩია. რუსთავის საკრებულოს ხუთივე კომისიას თავმჯდომარე “ნაციონალური მოძრაობიდან” ეყოლება.

სამანდატო-საპროცედურო და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე თამარ მეტრეველი იქნება, ჯუმბერ მგელაძე საფინანსო-საბიუჯეტო კომისიას უხელმძღვანელებს, ხოლო ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხების კომისიის თავმჯდომარე ნინო სულაძე იქნება. შეგახსენებთ,  2 კომისიის თავმჯდომარე,  წინა საკრებულოს სხდომაზე აირჩიეს.

რუსთავის საკრებულომ დღის წესრიგით გათვალისწინებული ხუთი საკითხი განიხილა. დღევანდელი სხდომის ფარგლებში, კიდევ ერთი შეთავაზების მიუხედავად, ფრაქცია ,,ქართულმა ოცნებამ“ კომისიების თავმჯდომარეობის კანდიდატები არ დაასახელა და კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. მმართველი გუნდიდან საკრებულოს დეპუტატების განცხადებით, მათი პოზიცია უცვლელია და თანამდებობებზე უარს ამბობენ, თუმცა კომისიების მუშაობაში აქტიურად ჩაერთვებიან.

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით მე-6 სხდომა, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპული ქართველი მებრძოლების ხსოვნის პატივსაცემად, წუთიერი დუმილით გაიხსნა.

სხდომის დაწყებამდე, საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზიამ მედიის წარმომადგენლებს ქართული ჟურნალისტიკის დღე მიულოცა და დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა.

დეპუტატების გადაწყვეტილებით, ცვლილება შევიდა ჯანდაცვის უზრუნველყოფის ქვეპროგრამა ,,აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის“ განხორციელების წესში.

დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხების განხილვის შემდეგ, საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზიამ სხდომა დახურულად გამოაცხადა.