გიორგი დარასელიამ ბოლნისის „სიონის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა

გიორგი დარასელიამ  ბოლნისის „სიონის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა. დარასელიას ნაცვლად „სიონს“ ახალგაზრდა სპეციალისტი უჩა სოსიაშვილი გაწვრთნის, რომელსაც რამდენიმე ქართულ კლუბში მუშაობის გამოცდილება აქვს.  ინფორმაციას კლუბის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

ბოლნისის „სიონი“ პირველი გუნდია, სადაც მიმდინარე სეზონში სამწვრთნელო ცვლილება მოხდა.

ინფორმაციისთვის , დარასელია „სიონს“ სათავეში, გასული სეზონის ზაფხულში ჩაუდგა. მისი ხელმძღვანელობით, ბოლნისური კლუბი ეროვნული ლიგა 2-ის გამარჯვებული გახდა და „სიონი“ ეროვნულ ლიგაში დააბრუნა. თუმცა ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ სამ ტურში „სიონმა“ წარმატება ვერ მოიპოვა – გუნდს არც ქულა აქვს და გოლიც არ გაუტანია. ამის გამო სპეციალისტმა წასვლის გადაწყვეტილება მიიღო, კლუბის ხელმძღვანელობა დასთანხმდა.

უჩა სოსიაშვილს ყველაზე წარმატებული პერიოდი გორის „დილაში“ ჰქონდა, რომელიც 2014-2015 წლების სეზონში საქართველოს ჩემპიონი გახადა, ბოლოს კი წყალტუბოს „სამგურალს“ ავარჯიშებდა.

სოსიაშვილის ხელმძღვანელობით გუნდმა პირველი ვარჯიში გამართა და ეროვნული ლიგის მეოთხე ტურის შეხვედრისთვის მზადება დაიწყო. „სიონი“ ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე წყალტუბოს „სამგურალის“ წინააღმდეგ 14 მარტს ითამაშებს.