ცენტრალური, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა დღეს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსს ხელი მოაწერეს.
ცესკო-ს ინფორმაციით, დოკუმენტზე ხელის მოწერით კომისიების წევრები თანხმდებიან, რომ იმოქმედებენ საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, დაიცავენ პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს, საკუთარი ფუნქციების შესრულებისას იქნებიან კეთილსინდისიერები, დამოუკიდებლები, მიუკერძოებლები და ობიექტურები, ასევე იმოქმედებენ ღიად და გამჭვირვალედ.
„დღეს ცესკოს წევრებმა ხელი მოვაწერეთ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსს. ამ ეთიკის კოდექსით საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეები ვაღიარებთ და ვიღებთ ვალდებულებას, ვიყოთ ეთიკურები და ნეიტრალურები. ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ შუალედური არჩევნები შეესაბამებოდეს იმ სტანდარტებს, რაც აუცილებელია დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად,“ – განაცხადა ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი შარაბიძემ ხელის მოწერის ცერემონიალის შემდეგ.
ცნობისთვის, 2 აპრილს საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები გაიმართება. რუსთავისა და გარდაბნის ათი სოფლის მცხოვრებლებმა პარლამენტში მაჟორიტარი დეპუტატი უნდა აირჩიონ.