“2008 წლის ომის შემდეგ, რუსეთისთვის სანქციები არ დაუწესებია არცერთ სახელმწიფოს”

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, რუსეთისთვის სანქციები არ დაუწესებია მსოფლიოს არც ერთ სახელმწიფოს, მიუხედავად იმისა, რომ ამ ომის შედეგად რუსეთმა განახორციელა საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია; დაიღუპა ასეულობით სამხედრო და სამოქალაქო პირი, დევნილად იქცა ჩვენი ქვეყნის 30 ათასი მოქალაქე, რუსეთმა დაბომბა ქართული ქალაქები; სრულად გაანადგურა ასეულობით ქართული სოფელი, ქართული ეკლესიები და კულტურული მემკვიდრეობის სხვა ძეგლები, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

როგორც კობახიძემ განაცხადა, 2008 წლის შემდეგ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ არ დაუწესებია საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას.

„ამ ყველაფრის მიუხედავად, 2008 წლის ომის შემდეგ, რუსეთისთვის სანქციები არ დაუწესებია არც საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას. მეტიც, საქართველოს ხელისუფლებამ, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში, 2010 წელს ნაწილობრივ, ხოლო 2012 წლის სრულად შემოიღო უვიზო მიმოსვლის რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის. 2012 წლის შემდეგ, ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რუსეთთან გაფართოვდა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები. წინა თუ მოქმედი ხელისუფლების არც ერთ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არავის, ვიმეორებთ – არავის, ვიმეორებ არავითარი კრიტიკული შენიშვნა არ გამოუთქვამს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.