სკოლებში კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებელი შემცირდა

საქართველოს საჯარო და კერძო სკოლებში ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების მაჩვენებელმა, წინა კვირის მსგავსად, საგრძნობლად იკლო. ამის შესახებ ინფორმაქციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვირუსი მასწავლებელთა 2,4%-ს, ხოლო მოსწავლეების 1%-ს დაუდასტურდა.

საქართველოს 2085 საჯარო და 217 კერძო სკოლიდან ამ ეტაპზე სრულად დისტანციურ სწავლებაზე 46 სკოლა იმყოფება, რაც წინა კვირის მაჩვენებელთან შედარებით 6-ჯერ არის შემცირებული. სწავლების დისტანციურ ფორმატში წარმართვის სურვილი კი გასულ კვირაში რისკის ჯგუფის 99-მა მასწავლებელმა გამოთქვა.

ამ დროისათვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73.7%, მათ შორის 97% სრულად ვაქცინირებულია.

მთელი ქვეყნის მასშტაბით სკოლებში სასწავლო პროცესი შერეულ ფორმატში მიმდინარეობს. მოსწავლეთა მშობლებს აქვთ დისტანციური სწავლის ფორმატის არჩევის შესაძლებლობა.