კობახიძე: ირაკლი შატაკიშვილი მნიშვნელოვნად გააძლიერებს საპარლამენტო უმრავლესობას

ძლიერი მხარდაჭერა, რომელიც მოსახლეობამ „ქართულ ოცნებას“ ამ არჩევნებში კიდევ ერთხელ გამოუცხადა, ადასტურებს, რომ საზოგადოება მხარს უჭერს და აფასებს ხელისუფლების კურსს და გადაწყვეტილებებს, რომლებიც, მათ შორის, რეგიონში მიმდინარე უმძიმეს პროცესებს უკავშირდება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძემ არჩევნებში მმართველი პარტიისადმი გამოცხადებული ნდობისთვის ამომრჩევლებს მადლობა გადაუხადა.

„შაბათს შედგა პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები ქალაქ რუსთავსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ისტორიულ სოფლებში და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები ქალაქ ბათუმში. რუსთავსა და გარდაბანში, დაბალი კონკურენციის მიუხედავად, დაფიქსირდა მაღალი აქტივობა, რისთვისაც ამომრჩეველს მადლობას ვუხდით. ჩვენმა კანდიდატმა, ირაკლი შატაკიშვილმა მიიღო 34 ათასზე მეტი ხმა, ამომრჩეველთა ხმების 90,1 პროცენტი. ირაკლი შატაკიშვილს ვულოცავთ დამაჯერებელ გამარჯვებას. ირაკლი არის მაღალკვალიფიციური იურისტი, ნამდვილი პროფესიონალი და მოხარული ვართ, რომ ის მნიშვნელოვნად გააძლიერებს საპარლამენტო უმრავლესობას.

მოგეხსენებათ, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, ჩვენმა პარტიამ უმრავლესობა ვერ მიიღო 64-დან 8 საკრებულოში. აღნიშნული რვა საკრებულოდან სამ საკრებულოში ჩვენ უკვე შევძელით უმრავლესობის ფორმირება. დამატებით, მინიმუმ კიდევ ერთ საკრებულოში ახლო მომავალში შევძლებთ უმრავლესობის ჩამოყალიბებას. შესაბამისად, მინიმუმამდე შემცირდება „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი პარტნიორი პარტიის რესურსი, თუნდაც მინიმალური შეფერხება შეუქმნან მუნიციპალიტეტების საქმიანობას და მოსახლეობისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებისას. ძლიერი მხარდაჭერა, რომელიც მოსახლეობამ „ქართულ ოცნებას“ ამ არჩევნებში კიდევ ერთხელ გამოუცხადა, ადასტურებს, რომ საზოგადოება მხარს უჭერს და აფასებს ხელისუფლების კურსს და გადაწყვეტილებებს, რომლებიც, მათ შორის, რეგიონში მიმდინარე უმძიმეს პროცესებს უკავშირდება“,- აღნიშნა კობახიძემ.

მისივე თქმით, „საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გამოუცხადა უნდობლობა „ომის პარტიას“ და მის განზრახვას, პროვოკაციების გზით, საქართველო სამხედრო კონფლიქტში ჩაითრიონ“.