მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ორეტაპიანი გახდა

მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდა ორეტაპიანი გახდა. ხვალიდან, მართვის მოწმობის გამოცდის მისაღებად, მძღოლობის კანდიდატებს, პირველი ეტაპის წარმატებით ჩაბარების შემდეგ, მეორე ეტაპის გავლა რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში მოუწევთ.

მომსახურების სააგენტოს ცნობით, მძღოლობის კანდიდატს პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა, თეორიის ჩაბარებიდან 30 დღის განმავლობაში შეუძლია, ხოლო მეორე ეტაპზე გასვლისთვის ვადა 365 დღე ექნება.

გამოცდის მეორე ეტაპზე დაინტერესებული პირი დაიშვება  პირველი ეტაპის ჩაბარებიდან არაუადრეს 15 დღისა. რაც შეეხება საფასურს, სააგენტოს ცნობით, პრაქტიკული გამოცდის პირველ ეტაპზე გამოცდა უფასოა, მეორე ეტაპზე ერთჯერადად დაშვების საფასური კი  90 ლარს შეადგენს.

მეორე ეტაპზე, უარყოფითი შეფასების შემთხვევაში, გამოცდაზე გასვლას, ბოლო უარყოფითი შეფასების მიღებიდან, არაუადრეს 30 კალენდარული დღისა შეძლებთ.

ინფორმაციისთვის, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით,  23, 24 და 25 აპრილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში დასვენების დღეებია.  მომსახურების სააგენტო მუშაობას 26 აპრილიდან განაახლებს.