უკრაინაში კიდევ 8 ქართველი მებრძოლი დაიჭრა

დღეს უკრაინაში ბრძოლის დროს,  კიდევ 8 ქართველი მებრძოლი დაიჭრა. ინფორმაციას უკრაინაში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ავრცელებს.

“ჯერ დაიჭრა 4, ეს იყო ხარკოვთან ახლოს და შემდეგ 4 დაიჭრა იზიუმის მიმდებარე ტერიტორიებზე, ზუსტად ვერ გეტყვით რა ადგილას, თუმცა ეს ინფორმაცია თავად დაჭრილებისა და მათი თანამებრძოლებისგან გვაქვს. 8 დაჭრილიდან 1 შედარებით მძიმედაა, დანარჩენი კი შედარებით მსუბუქად. მათ ჩაუტარდათ, რამდენადაც ვიცი, ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება. რაც შეეხება დაღუპულთა ცხედრებს, ჯერჯერობით, ვერ გეტყვით როდის მოხდება მათი სამშობლოში გადმოსვენება, ვინაიდან ის ჰოსპიტალი, სადაც ისინი არიან მოთავსებული, ცხელ წერტილშია, შესაბამისად, როდესაც მოხდება მათი გადაყვანა უსაფრთხო ადგილზე, შემდეგ გამოჩნდება როგორ და რანაირად მოხდება მათი გადმოსვენება საქართველოსი. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, დონბასში იყო შეტაკება რუსეთის ჯართან,”- აცხადებს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი.

შეგახსენებთ, რომ უკრაინაში შეტაკებების დროს რუსეთის საოკუპაციო ძალებს ემსხვერპლა ორი ქართველი მებრძოლი – 49 წლის დავით მენაბდიშვილი და 21 წლის ნიკოლოზ შანავა. ჯერჯერობით, ფრონტის ხაზზე არსებული რთული მდგომარეობის გამო, მათი სამშობლოში გადმოსვენება ვერ ხერხდება.