პროფკავშირებმა “რუსთავის აზოტს” სასამართლო დავა მოუგო

პროფკავშირებმა რუსთავის აზოტს სასამართლო დავა მოუგო. ინფორმაციას მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირები ავრცელებს.

მათივე ცნობით, სასამართლომ “რუსთავის აზოტს” მათ მიერ დასაქმებული 21 პირისთვის ზეგანაკვეთური ანაზღაურების გადახდა დააკისრა.

პროფკავშირების ცნობით, წლების განმავლობაში, კომპანიაში დასაქმებულები მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოს ხშირად, ზეგანაკვეთურადაც ასრულებდნენ. ლ.ჭ. და 20 სხვა მოსარჩელე “რუსთავის აზოტს” სწორედ ამ ნაწილში ედავება.

“დასაქმებულთა ინფორმაციით, დამსაქმებელი ზეგანაკვეთური შრომის საზღაურს შრომითი ხელშეკრულებით შეთანხმებული ტარიფით, კერძოდ, ზეგანაკვეთური შრომის პირველი ორი საათი საათობრივი განაკვეთის ერთნახევარი, ხოლო დანარჩენი საათები – ორმაგი ოდენობით წლებია არ უნაზღაურებს.

დამსაქმებლის უკანონო მრავალწლიანი პრაქტიკისა და დასაქმებულთა შრომითი უფლების დარღვევის აღკვეთის მიზნით, დასაქმებულებმა მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის დახმარებით, სასამართლოს სარჩელით მიმართეს.

დამსაქმებელმა სასამართლოში მტკიცებულების სახით კომპანიის დირექტორის ბრძანება, ზოგიერთ მოსარჩელესთან დადებული ე.წ. „შეთანხმება“ და ზოგიერთი მოსარჩელის პირადი განცხადება ზეგანაკვეთური შრომის 1.25%-ით ანაზღაურების თაობაზე წარმოადგინა.

სასამართლომ გაიზირა მოსარჩელეთა პოზიცია, რომ წარმოდგენილი დოკუმენტები თავდაპირველ ხელშეკრულებასთან შედარებით აუარესებდა დასაქმებულთა მდგომარეობას, რასაც შრომის კოდექსი კრძალავს და რის გამოც, ავტომატურად სამართლებრივი ძალა არ გააჩნდა ამგვარ „შეთანხმებებს“, „ბრძანებებსა“ და „პირად განცხადებებს“.

მოსარჩელეთა ინტერესებს სასამართლოში პროფკავშირების გაერთიანების იურისტი თამილა გაბაიძე იცავს.

ამასთან, სასამართლო პროცესამდე მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიულმა კავშირმა საჩივრით მიმართა შრომის ინსპექციის სამსახურს. ინსპექციის გადაწყვეტილებით, “სს რუსთავის აზოტში” დადგინდა ზეგანაკვეთურ შრომასთან დაკავშირებული საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევები, რისთვისაც სს რუსთავის აზოტს გაფრთხილება და გამოსასწორებლად 50 დღე მიეცა.

“სს რუსთავის აზოტმა” შრომის ინსპექციის გადაწყვეტილება გაასაჩივრა.”-ნათქვამია ინფორმაციაში.