ბრალდებულებმა თურქეთიდან, დიდი ოდენობით კონტრაბანდა შემოიტანეს

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის საბაჟო კონტროლისგან მალულად გადმოტანის ფაქტზე სამი პირი დააკავეს.

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა  წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად, „სარფის“ გავლით, თურქეთიდან საქართველოში, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, ერთ-ერთი ჯგუფის წევრის MERCEDES-BENZ-ის მარკის სატვირთო ავტომანქანით გასაყიდად დიდი ოდენობით, 2 620 გრამი ოქროსა და 6 189 გრამი ვერცხლისაგან დამზადებული სხვადასხვა ნაკეთობები შემოიტანეს, რომელთა საერთო საბაზრო ღირებულება, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, 429 111 ლარს შეადგენს.

გამოძებით დადგინდა, რომ ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები ვაგზლის მოედანზე, ე.წ. “ოქროს ბირჟაზე” უნდა გაეყიდათ.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას 8-დან 11 წლამდე ვადით ითვალისწინებს.