საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის განცხადებით, მთავრობამ ევროკავშირის კითხვარის მეორე ნაწილზე მუშაობა დაასრულა, დოკუმენტი 10 მაისს ევროკომისიას გადაეცემა.
როგორც დარჩიაშვილმა აღნიშნა, დოკუმენტი მხოლოდ ტექნიკურ ნაწილში საჭიროებს მომზადებას.
„გვსურს, ვაცნობოთ საზოგადოებას, რომ საქართველომ დაასრულა კითხვარის მეორე ნაწილზეც მუშაობა. აღნიშნული დოკუმენტი მხოლოდ ტექნიკურ ნაწილში საჭიროებს მომზადებას და ვგეგმავთ, რომ 10 მაისისთვის ევროკომისიას გადასცეს კითხვარის ბოლო ნაწილი. როგორც ცნობილია, კითხვარის მეორე ნაწილი უფრო მეტად ტექნიკურ-სექტორული ხასიათის იყო, რომლის მომზადებაშიც საკმაოდ დიდი ძალისხმევა გაიწია. მინდა, ყველა სახელმწიფო უწყებას, ვინც იღებდა მონაწილეობას ამ მნიშვნელოვან პროცესში, მადლობა გადავუხადო.
შემდგომი პროცედურა, რომელიც დაიწყება, არის უკვე ევროკომისიის მხრიდან, რომელმაც შესაბამისი დასკვნა უნდა მოამზადოს აღნიშნულ დოკუმენტზე. ჩვენ დაველოდებით ევროკომისიის პოზიციას, რომელიც უნდა მომზადდეს საქართველოს მიერ გადაცემულ კითხვართან დაკავშირებით.
აღნიშნული კითხვარის მომზადების პარალელურად, ძალიან ინტენსიურად ვმუშაობდით ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოებთან, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ყველა მიმართულებით, რათა მათთან გვქონოდა ძალიან მჭიდრო კოორდინაცია და კომუნიკაცია. ეს პროცესი დღესაც გრძელდება. რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის და მთავრობის მოლოდინია, რომ საქართველოს ექნება ძალიან კონკრეტული ხელშესახები შედეგები აღნიშნულ დოკუმენტზე ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან, თუმცა წინასწარ რაიმე კონკრეტულზე საუბარი ჩვენი მხრიდან ალბათ რთული იქნება. ყველა ის რეფორმა, რომელსაც ვატარებთ და ჩავატარებთ მომავალში, გვაძლევს იმის იმედს, რომ საქართველო ძალიან სწორად გაივლის ამ მნიშვნელოვან პროცედურას“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.