„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში, მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპისთვის, განსაზღვრულია მძიმე და მსუბუქი შეცდომები, რომლის დაშვების შემთხვევაში, გამოცდა არადამაკმაყოფილებლად ფასდება.
რეალურ საგზაო მოძრაობის პირობებში მძღოლობის კანდიდატს მოუწევს იმ ბარიერების დაძლევა, რომელიც გვხვდება გამოცდის მეორე ეტაპზე.
მეორე ეტაპი ფასდება არადამაკმაყოფილებელი შეფასებით, თუ გამოცდის მსვლელობისას დაფიქსირდა:
- 12 ან მეტი მსუბუქი შეცდომა;
- ერთი მძიმე შეცდომა;
- ერთი ან მეტი გარემოება, რომელიც წარმოადგენს დისკვალიფიკაციის საფუძველს.
მსუბუქი შეცდომის მაგალითებია:
- მძღოლობის კანდიდატმა ავტომობილის დაძვრამდე არ შეამოწმა საგამოცდო ავტომობილის კარები დაკეტილია თუ არა;
- მძღოლობის კანდიდატი საჭიროების გარეშე მოძრაობს სატერფულზე ფეხის აუღებლად სრულად ჩაურთველი გადაბმულობით;
- მძღოლობის კანდიდატი მდგარი/გაჩერებული ავტომობილის დაძვრისას გადაცემათა გადართვას პირველიდან მეორე გადაცემაში ახორციელებს დაგვიანებით.
მძიმე შეცდომის მაგალითებია: - მძღოლობის კანდიდატი ვერ იმორჩილებს საგამოცდო ავტომობილის საჭეს;
- მძღოლობის კანდიდატი გასწრებას ახორციელებს მარჯვენა მხრიდან, გარდა საგზაო მოძრაობის წესებით ნებადართული შემთხვევისა;
- მძღოლობის კანდიდატი არ ასრულებს ან არასათანადოდ ასრულებს მარეგულირებლის, შუქნიშნის მაშუქი სიგნალების, საგზაო ნიშნებისა ან საგზაო მონიშვნების მოთხოვნებს.
დისკვალიფიკაციის მაგალითებია:
- მძღოლობის კანდიდატმა არ შეასრულა (არ დაემორჩილა) გამომცდელის კანონიერ მითითებას/მოთხოვნას, გარდა მოძრაობის დაწყების შესახებ მითითებისა;
- მძღოლობის კანდიდატი არ გამოცხადდა ან დროის დარღვევით გამოცხადდა პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე.
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, 2022 წლის 26 აპრილიდან “B” და “BE” კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი გახდა.









