ქვემო ქართლში ვეტერინარულმა ზედამხედველობის პუნქტებმა მუშაობა განაახლა

ცხვრის სეზონურ საძოვრებზე გადაადგილების დაწყების პარალელურად, ქვემო ქართლში  არსებულმა ვეტერინარულმა ზედამხედველობის პუნქტებმა მუშაობა განაახლა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სააგენტოს ვეტერინარები ექტოპარაზიტების საწინააღმდეგოდ პირუტყვის დამუშავებას ახორციელებენ, რაც ცხოველების დაავადებების პრევენციასა და შემცირებას უწყობს ხელს.

ქვემო ქართლში ზედამხედველობის ფუნქტები უკვე ფუნქციონირებს რუსთავში, მარნეულსა და ბოლნისში.

სააგენტოს ცნობით,  პუნქტებზე განთავსებულია პირუტყვის სადეზინსექციო-გასაბანი აუზები, სადეზინსექციო საშხაპეები, წყლის რეზერვუარები, საწყობი, ვეტპუნქტი; ცხოველთა დამუშავებისას გამოიყენება მაღალი სტანდარტების ინსექტოაკარიციდული პრეპარატები.

სააგენტოს სპეციალისტები მეცხვარე ფერმერებს უსასყიდლოდ ემსახურებიან.

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონულ სამსახურებში.