ხორბლისა და ფქვილის მარაგი და საწვავის გაძვირება – რა თქვეს მთავრობის სხდომაზე

ხორბლისა და ფქვილის მარაგი და საწვავის გაძვირება – საკითხები დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილეს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ფქვილისა და ხორბლის მარაგი არსებობს და  ქვეყანას ამ მიმართულებით პრობლემა არ აქვს. რაც შეეხება საწვავის ფასებს, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით,  კონკურენციის სააგენტომ დაასრულა იანვარ-აპრილის მონიტორინგის შუალედური ანგარიში, რომელიც გასული კვირის პარასკევს წარმოადგინა.

„არავითარი პრობლემა ჩვენს ქვეყანას დღეს არ აქვს. საკმარისზე მეტი მარაგი არსებობს ფქვილის, ხორბლის მარაგიც არსებობს ქვეყანაში და სულ რაღაც ერთ თვეში, თვე ნახევარში, ჩვენც საკუთარ ხორბალს ასე ვთქვათ უკვე ავიღებთ, მოსავალს ავიღებთ და შესაბამისად არავითარი აჟიოტაჟის საფუძველი არ იყო.”– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

„მინდა, ეკონომიკის მინისტრს, ბატონ ლევანს და ფინანსთა მინისტრს, ბატონ ლაშას, კონკურენციის სააგენტოსთან ერთად საწვავის ბაზრის მონაწილე კომპანიებს შეხვდნენ დღესვე, თუ ეს მოხერხდება და მათთან ერთად განიხილონ მონიტორინგის ანგარიშის შედეგები. ვნახოთ შემდეგ რა ასე ვთქვათ შედეგით დასრულდება თქვენი დღევანდელი შეხვედრა,“– თქვა პრემიერ-მინისტრმა, გაძვირებულ საწვავთან დაკავშირებით.

ხორბლის მარაგსა და პურის ფასთან დაკავშირებით, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა ეკონომიკის მინისტრმაც. ლევან დავითაშვილის თქმით, პურის ფასის გაზრდის წინაპირობა არ არის.

„პურის ფასის გაზრდის წინაპირობა დღეს არ არის, თუ გარემო ფაქტორები შეიცვლება, რა თქმა უნდა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, თუმცა, ამ გარემო ფაქტორების გათვალისწინებით, დღევანდელ ვითარებაში ამას არ აქვს წინაპირობა.

ჩვენთვის მთავარია მოსახლეობისთვის იყოს პურის ხელმისაწვდომობა და ასევე იყოს ხელმისაწვდომი ფასები. ფასის გაზრდა არ არის მთავრობის ინტერესში და არ არის საზოგადოების ინტერესში, ამიტომ ხელოვნური ბარიერების შექმნა ფქვილის იმპორტის შემთხვევაში მიუღებელია. მთავარია, ჩვენ გვქონდეს დეტალური მონიტორინგი იმისა, რომ მოვახერხოთ ჩვენი ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფა და ეს ასეც იქნება, ამაზე პასუხისმგებლობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს და ვფიქრობ, რომ კარგად ართმევენ თავს“, – განაცხადა დავითაშვილმა.