ხორბლისა და ფქვილის მარაგი და საწვავის გაძვირება – საკითხები დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილეს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ფქვილისა და ხორბლის მარაგი არსებობს და ქვეყანას ამ მიმართულებით პრობლემა არ აქვს. რაც შეეხება საწვავის ფასებს, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, კონკურენციის სააგენტომ დაასრულა იანვარ-აპრილის მონიტორინგის შუალედური ანგარიში, რომელიც გასული კვირის პარასკევს წარმოადგინა.
„არავითარი პრობლემა ჩვენს ქვეყანას დღეს არ აქვს. საკმარისზე მეტი მარაგი არსებობს ფქვილის, ხორბლის მარაგიც არსებობს ქვეყანაში და სულ რაღაც ერთ თვეში, თვე ნახევარში, ჩვენც საკუთარ ხორბალს ასე ვთქვათ უკვე ავიღებთ, მოსავალს ავიღებთ და შესაბამისად არავითარი აჟიოტაჟის საფუძველი არ იყო.”– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ხორბლის მარაგსა და პურის ფასთან დაკავშირებით, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა ეკონომიკის მინისტრმაც. ლევან დავითაშვილის თქმით, პურის ფასის გაზრდის წინაპირობა არ არის.
ჩვენთვის მთავარია მოსახლეობისთვის იყოს პურის ხელმისაწვდომობა და ასევე იყოს ხელმისაწვდომი ფასები. ფასის გაზრდა არ არის მთავრობის ინტერესში და არ არის საზოგადოების ინტერესში, ამიტომ ხელოვნური ბარიერების შექმნა ფქვილის იმპორტის შემთხვევაში მიუღებელია. მთავარია, ჩვენ გვქონდეს დეტალური მონიტორინგი იმისა, რომ მოვახერხოთ ჩვენი ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფა და ეს ასეც იქნება, ამაზე პასუხისმგებლობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს აქვს და ვფიქრობ, რომ კარგად ართმევენ თავს“, – განაცხადა დავითაშვილმა.