ქრთამის აღების ფაქტზე სატყეო სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, შიდა ქართლის რეგიონში, ქრთამის აღების ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ  სსიპ ,,ეროვნული სატყეო სააგენტოს“ ერთ-ერთი სატყეო უბნის თანამშრომელმა, სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას,  მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მისი სამოქმედო უბნიდან წიწვოვანი ჯიშის ხის ნერგების უნებართვოდ მოპოვებისა და მათი გატანის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით 5 000 ლარის ოდენობით თანა მოსთხოვა.

მათივე ცნობით, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.