ღარიბაშვილი: ევროკომისიამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება 17 ივნისს

საქართველოს პარლამენტის სხდომაზე მთავრობის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა მიმდინარეობს. ანგარიშს საქართველოს პრემიერ-მინისტრი წარადგენს. ირაკლი ღარიბაშვილმა სხდომაზე ევროკომისიის რეკომენდაციებზე ისაუბრა. პრემიერის თქმით, ევროკომისიამ დოკუმენტში ნათლად ჩაწერა, რომ ევროპული საბჭო რეკომენდაციას აძლევს, საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა, რათა ევროკავშირის წევრი გახდეს.

„პირველად გაჩნდა ჩანაწერი ევროპული პერსპექტივის შესახებ. ევროკომისიამ ნათლად ჩაწერა დოკუმენტში, რომ აძლევს რეკომენდაციას ევროპულ საბჭოს, საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა იმისთვის, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი. ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება ევროკომისიის. მეორე, რაც მინდა, ვთქვა, ჩვენი მოლოდინი იყო ის, რომ საქართველო მიიღებდა კანდიდატის სტატუსს, როგორც უკრაინამ და მოლდოვამ მიიღო. გასაგებია, რომ ჩვენ ამის თაობაზე განსხვავებული მიდგომა ვიხილეთ და მინდა, რომ ეს დეტალურად განვუმარტო ჩვენს ხალხს და ჩვენს ძვირფას დეპუტატებს“, – განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, ღარიბაშვილის თქმით,  უკრაინაში ომი აღმოჩნდა გადამწყვეტი მოტივატორი იმისა, რომ მათ მისცეს სტატუსი.

„ჩვენ ყველას გვქონდა მოლოდინი, რომ თუ ვინმე იმსახურებდა ასოცირებული ტრიოდან, არა როგორ ემოციების დონეზე, არა მხოლოდ რაღაც აღქმების დონეზე, არამედ რეალური გაკეთებული საქმის მიხედვით, და მე მოვისმინე ჩვენი ევროპელი მეგობრებისგან, რომ მათი პირველი, მთავარი მოტივაცია იქნებოდა სწორედ დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვიხილეთ, რაც ძალიან გულდასაწყვეტია ჩემთვის, ჩვენთვის ყველასთვის, ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისთვის. ჩვენ მოვისმინეთ ასევე შეფასებები, თურმე საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა არის განსხვავებული, განსხვავებული გეოპოლიტიკური სიტუაციაა, ასევე მოვისმიენთ, რომ უკრაინას მისცეს სტატუსი, რადგან უკრაინა ომშია. გახსოვთ, ორი კვირის წინ, მე საჯაროდ მთავრობის სხდომაზე ვთქვი, რომ გვქონდა ეს ინფორმაცია ევროპელი კოლეგებისგან, მათ პირადად მითხრეს, რომ ვინაიდან უკრაინა არის ომში, მთავარ ფაქტორს ითვალისწინებენ და სწორედ ამ მოტივაციით, ამ მიზნით აძლევენ მათ სტატუსს, იმის მიუხედავად, რომ საქართველო ჩამოთვლილი ყველა პარამეტრის მიხედვით უპირობო ლიდერია. არათუ ასოცირებულ ტრიოს ეხება ეს მხოლოდ, ბევრ მოქმედ ევროკავშირის წევრ და ნატო-ს წევრ ქვეყნებს ვუსწრებთ ჩვენ ყველა პარამეტრით. სწორედ უკრაინაში ომი აღმოჩნდა გადამწყვეტი მოტივატორი იმისა, რომ მათ მისცეს სტატუსი“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.