„ნუ წაართმევ ბავშვობას“ – შსს-მ არასრულწლოვანთა ქორწინების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია დაიწყო

“ნუ წაართმევ ბავშვობას”- ამ სახელწოდებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ საინფორმაციო კამპანია წამოიწყო. კამპანიის მიზანი ნაადრევი ქორწინების აღმოფხვრა და ამ საკითხზე ცნობიერების ამაღლებაა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი მთელი ქვეყნის მასშტაბით სწავლობს და ამონიტორინგებს ბავშვთან ქორწინების მოტივით ჩადენილ ყველა შესაძლო შემთხვევას.

ბავშვობის ასაკში ქორწინების თემაზე მომზადდა ვიდეორგოლი, რომელშიც სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები საუბრობენ ბავშვობის ასაკში ქორწინების უარყოფით მხარეებზე და ხაზს უსვამენ ასეთი ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობას.

ღონისძიებას სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, პარლამენტის წევრები, სახალხო დამცველის აპარატისა და აღნიშნულ საკითხზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
კამპანიის ფარგლებში, ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე დაიბეჭდა საინფორმაციო ბროშურები.

საინფორმაციო კამპანია ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.