დოხტურიშვილი: რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესია მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარება

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარი კომპანიის „მუხათის მარანი“, ახლადგაშენებული ვენახი დაათვალიერეს. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები  ღვინის მცირე საწარმოს მშენებლობის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ.

 ,,ჩვენი რეგიონისთვის უმნიშვნელოვანესია მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარება და ყოველთვის მზად ვართ მხარი დავუჭიროთ მსგავს ინიციატივებს. ჩვენთვის განსაკუთრებულად პრიორიტეტულია როგორც ტურიზმის განვითარება, ისე ქართული ხარისხიანი პროდუქციის პოპულარიზაცია. მოხარული ვარ, რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სახელმწიფოს მხარდაჭერით გაშენდა ახალი ვენახი, სადაც თანამედროვე სტანდარტების ღვინის საწარმო და სასტუმრო მოეწყობა “-განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ცნობით, კომპანიამ „მუხათის მარანი“, 2020 წელს, პროგრამით „დანერგე მომავალი“ 5 ჰექტარზე ვენახის გაშენებისთვის თანადაფინანსება 44 800 ლარი მიიღო.

კომპანია, ღვინის მარნის მშენებლობისათვის, 1,5 მლნ ლარის შეღავათიანი აგროკრედიტით სარგებლობს. სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში, კომპანიამ 233 500 ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა 30%-იანი თანადაფინანსებით მიიღო.