რუსთავში კიდევ ერთი მრავალფუნქციური სკვერი გაიხსნა

რუსთავში კიდევ ერთი მრავალფუნქციური სკვერი გაიხსნა.

მე-8 მიკრორაიონის #12 საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ მოწყობილი ახალი რეკრეაციული სივრცე, საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას სახელობის იქნება.

მულტიფუნქციური სკვერი, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ წევრებთან ერთად გახსნა.

 სკვერის გახსნას, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, პარლამენტარი ალექსანდრე დალაქიშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ილია ჯალაღანია და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.
სკვერის ტერიტორიაზე, ჟიული შარტავას ცხოვრების და მოღვაწეობის ამსახველი ფოტოგამოფენა მოეწყო. ღონისძიება ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ხელოვნების სკოლის კონცერტით – „ქართული კინომუსიკა“ დასრულდა.

მრავალფუნქციურ რეკრეაციაში, 11000-მდე კვადრატულ მეტრ ფართობზე, საბავშვო და სპორტული სივრცეები, საფეხმავლო და ველობილიკები, გარე განათების სისტემა, ამფითეატრი და დასასვენებელი ზონებია მოწყობილი. დენდროლოგიური პროექტის ფარგლებში, კი ახალ სკვერში, 200-ზე მეტი ძირი სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარეა დარგული.

პროექტის ღირებულება 1 მლნ 224 439 ლარია.