ბოლნისის მუნიციპალიტეტში მასშტაბური პროექტი დასრულდა

ბოლნისის მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი მოწესრიგებული ლოკაცია შეემატა. სოფელ ხატისოფლის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიამდე მისასვლელი გზის მოწყობის მასშტაბური პროექტი დასრულდა.

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში ეკლესიამდე მისასვლელი გზა სრულად მოეწყო. 600 გრძივ მეტრზე ბეტონის საფარი დაიგო, ხოლო 480 გრძივი მეტრი ადგილობრივი ბაზალტით მოპირკეთდა. პროექტის სრულმა ღირებულებამ 640 000 ლარი შეადგინა.

შესრულებულ სამუშაოებს ადგილზე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, მერის პირველ მოადგილე ბუბა გობეჯიშვილთან და სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან კონსტანტინე კორძაძესთან ერთად გაეცნო.

ისტორიული მნიშვნელობის პროექტი „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა.