„მაიმუნის ყვავილი“ არ არის ისეთი გავრცელებადი, როგორც სხვა რესპირაციული ვირუსული დაავადებები” – ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ „მაიმუნის ყვავილი“ არ არის ისეთი გავრცელებადი, როგორც სხვა რესპირაციული ვირუსული დაავადებები, ამიტომ პანიკის საფუძველი არ არსებობს.”

მისივე თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ „მაიმუნის ყვავილის“ გამო საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობა გამოაცხადა, რაც გამყრელიძის თქმით, არ არის პანდემია, ეს არის კონცენტრირებული ეპიდემია გარკვეულ ჯგუფებში.

„ეს არ არის საგანგებო მდგომარეობა, ეს არის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განსაკუთრებული მდგომარეობა. საკმაოდ დიდი დისკუსია იყო, გამოცხადებულიყო თუ არა. ივნისში ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების კომიტეტმა ეს საკითხი განიხილა და მაშინ არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ გამოცხადებულიყო. მაშინ იყო შემთხვევების რაოდენობა 3 000-მდე და 47 ქვეყანაში.

ამ ერთი თვის განმავლობაში შემთხვევების რაოდენობამ მოიმატა, 16 000-ზე მეტია 75 ქვეყანაში. იყო ისევ ორი დღის წინ ამ კომიტეტის სხდომა, სადაც კონსენსუსი ვერ მოხერხდა. ნაწილი გამოცხადებას ემხრობოდა, ნაწილი არა. შემდგომ ხელმძღვანელმა მიიღო გადაწყვეტილება გამოცხადების შესახებ. მისი დასაბუთება გახლავთ ის, რომ ეს არ არის პანდემია. არის კონცენტრირებული ეპიდემია გარკვეულ ჯგუფებში, მაგრამ მაინც საჭიროა, რომ გაძლიერდეს ზედამხედველობა, დიაგნოსტიკა, ქვეყნების შესაძლებლობა და ეს გადაწყვეტილება მიიღეს“,- განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე განცხადებით, საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ ერთი შემთხვევა ივნისში დაფიქსირდა და აღნიშნული პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა. გამყრელიძის თქმით, საქართველოში ბოლო 21 დღეში „მაიმუნის ყვავილის“ შემთხვევა არ დაფიქსირებულა.