საქართველოს ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ბოლო პერიოდში ინტერნეტ სივრცეში გახშირდა მომხმარებლისთვის, ერთი შეხედვით, ხელსაყრელი ფინანსური შეთავაზებები, რომლებიც რეალურად შეიცავენ ე. წ. ფიშინგის ნიშნებს.
,,ვრცელდება ისეთი სახის სარეკლამო შეთავაზებები, რომელთა ბმულები მიმსგავსებულია რეალური ვებგვერდების მისამართებთან. მომხმარებელი, მომხიბვლელი შეთავაზების მიღების მიზნით, სტუმრობს აღნიშნულ გვერდს და ავსებს მოთხოვნილ ინფორმაციას. სინამდვილეში კი, ვებგვერდის მფლობელს უზიარებს პერსონალურ, საბანკო ან/და სხვა საყურადღებო ინფორმაციას. მათ შორის, ფიქსირდება ისეთი შემთხვევებიც, როდესაც მომხმარებლებს სთავაზობენ მობილური ტელეფონის ანგარიშის იაფად შევსებას, მაგალითად, სხვადასხვა პაკეტის შემთხვევაში და ა.შ.” – აღნიშნულია განცხადებაში.
ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მომხმარებლებს, გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე მათი პირადი და საბანკო მონაცემების მსგავს ვებგვერდებზე მითითებისას, პირველ ყოვლისა, გადაამოწმონ და კარგად დააკვირდნენ ვებგვერდის მისამართს, სადაც შეჰყავთ ინფორმაცია, მოიძიონ აღნიშნული კომპანიის სანდოობისა და საქმიანობის შესახებ მონაცემები, ხოლო თუ კომპანია, ერთი შეხედვით, სანდო და ნაცნობია, გადაამოწმონ მიღებული შეთავაზების ნამდვილობა.