გენერალურ პროკურატურაში ჩატარებული გამოძიების შედეგად, 2 000 000 დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ტრანსნაციონალური დანაშაული გამოვლინდა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. სისხლისსამართლებრივი დევნა ერთი ფიზიკური და სამი იურიდიული პირის მიმართ არის დაწყებული.
„გამოძიებით დადგენილია, რომ აშშ-ში რეგისტრირებული საწარმოს მფლობელმა და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა პირებმა, ე.წ. მაღალი რეპუტაციის მქონე იურიდიული პირის სახელით, კომუნიკაცია დაამყარეს ჰონკონგში მოქმედი კომპანიის დირექტორთან და იგი საყოველთაოდ ცნობილი საწარმოების აქციების შეძენის გზით, მომგებიანი ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობაში დაარწმუნეს.
აღნიშნულის შედეგად, დაზარალებული კომპანიის საბანკო ანგარიშიდან აშშ-ში, დაფუძნებული საწარმოს საბანკო ანგარიშზე გადარიცხულ 13 329 181.71 დოლარს, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მოტყუებით დაეუფლნენ.
შემდგომში, მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხები დაანაწევრეს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გადარიცხეს. მათ შორის, 1 906 263.7 დოლარი ფიქტიური დანიშნულებით და ყალბი დოკუმენტების გამოყენებით საქართველოში, ბრალდებულის საკუთრებასა და მფლობელობაში არსებული სამი საწარმოს და მასთან დაკავშირებული ფიზიკური პირების საბანკო ანგარიშებზე გადმოირიცხა.
აღნიშნული ქმედებით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა 2 000 000 დოლარი გაათეთრეს.
გამოძიების ეტაპზე ყადაღა დაედო ბრალდებულთა საწარმოების საბანკო ანგარიშებზე განთავსებულ, დანაშაულებრივი წარმომავლობის თანხის მნიშვნელოვან ნაწილს. დაყადაღებული, თანხის ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად, შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები გატარდება.
ბრალდებული ფიზიკური პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო ჯგუფურად ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-იდან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.”- ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.