საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, იმპორტიორებისგან აქვს პირობა, რომ აგვისტოს ბოლომდე საწვავის ფასი 20-30 თეთრით დაიკლებს, ამის შესახებ მან 15 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებით, არის განცდა, რომ საწვავის ფასის კლების პოტენციალი არსებობს, რისთვისაც მან კონკურენციის სააგენტოს მიმართა, ფასთან დაკავშირებით „იმპორტიორთა კეთილსინდისიერების“ შესასწავლად.
„შეგვპირდნენ იმპორტიორები, რომ, იმის მიუხედავად, რომ მათ დააკლეს ფასი ივლისში, ასევე აგვისტოში დააკლეს 10-10 თეთრით, კიდევ უფრო მეტად აპირებენ დაკლებას. ჯამში 20-30 თეთრით დააკლებენ ფასებს აგვისტოს ბოლომდე, მაგრამ უფრო მეტი გამჭვირვალობაა საჭირო. ჩვენს მოქალაქეებს მაქსიმალურად დეტალური ინფორმაცია უნდა მივაწოდოთ, რა მარჟებით მუშაობენ, რამდენია მათი მოგება და ა.შ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოში მოქმედ არაბრენდირებულ და ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე სხვადასხვა ხარისხის ბენზინის ფასი 3,19-დან 4,29 ლარამდე მერყეობს, დიზელი კი 4,44-დან 4,78 ლარამდე ღირს.