დღეს NASA მთვარისკენ თავის უძლიერეს რაკეტას გაუშვებს

რამდენიმე საათში, NASA-ს მისია „არტემის 1“ საკვანძო ნაბიჯს გადადგამს, რათა ნახევარსაუკუნიანი შესვენების შემდეგ, ადამიანები მთვარეზე დააბრუნოს.

მისია ეკიპაჟის გარეშე იქნება, სტარტს 29 აგვისტოს, თბილისის დროით 16:33 საათზე აიღებს და წარმოადგენს ტესტს NASA-ს კოსმოსური გაშვების სისტემისა  და ეკიპაჟის კაფსულა ორიონისთვის.

მისია მთვარისკენ გაეშურება, გაიტანს რამდენიმე პატარა თანამგზავრს, შემდეგ კი მთვარის ორბიტაზე განთავსდება. NASA-ს მიზანი კოსმოსური ხომალდის მუშაობის შემოწმებაა, იმ გარემოს გატესტვა, რომელში ყოფნაც ეკიპაჟს მოუწევს მთვარის გარშემო; სააგენტოს სურს დარწმუნდეს, რომ ხომალდი და მასში მყოფები უსაფრთხოდ შეძლებენ უკან, დედამიწაზე დაბრუნებას.

არტემის 1 პირველი მისია იქნება, რომელიც ახალი კოსმოსური გამშვები სისტემიდან გაეშვება. ის ყველაზე მძლავრი რაკეტა იქნება, რაც კი ოდესმე გაშვებულა კოსმოსში, უფრო ძლიერი, ვიდრე აპოლოს „სატურნი V“ სისტემა, რომელსაც ასტრონავტები მთვარეზე 1960-1970-იან წლებში მიჰყავდა.

ტესტირება ძლიერ მნიშვნელოვანია, ის მთვარის კოსმოსურ გარემოში, მაღალი რადიაციის პირობებში, ერთი თვის განმავლობაში დარჩება. მისია თან წაიღებს პატარა თანამგზავრთა ნაკრებსაც, რომლებსაც მთვარის ორბიტაზე განათავსებს.

ისინი წინასწარ სამეცნიერო საქმიანობას განახორციელებენ; მათ შორის, ჩაიხედავენ მუდმივად დაჩრდილულ კრატერებშიც, სადაც მეცნიერთა აზრით, წყალი უნდა იყოს. უფრო ზუსტად გაზომავენ რადიაციულ გარემოს, დაადგენენ, რა ეფექტები შეიძლება ჰქონდეს ადამიანზე ხანგრძლივ რადიაციულ ზემოქმედებას.

მისია პირველი ნაბიჯია „არტემის 3“-ისკენ, რომელმაც 21-ე საუკუნეში პირველად უნდა წაიყვანოს ადამიანები მთვარეზე, პირველად 1972 წლის შემდეგ არტემის 1 უბრალოდ უეკიპაჟო, სატესტო ფრენაა.

NASA არ ფლობს Starship-ს, მაგრამ მთვარის ზედაპირზე ასტრონავტების ჩასაყვანად ადგილებს ყიდულობს. ამის შემდეგ, SpaceX-ი Starship-ს სხვა მიზნებისთვის გამოიყენებს, მათ შორის, სხვა ტვირთების წასაღებად, კერძო ასტრონავტებისთვის და სხვა ქვეყნების წარმომადგენელ ასტრონავტებისთვის.

50-წლიანი ტექნოლოგიური განვითარება იმას ნიშნავს, რომ მთვარეზე წასვლა ახლა გაცილებით იაფია და ტექნოლოგიურად უფრო შესაძლებელი; გარდა ამისა, ახლა შესაძლებელია გაცილებით დახვეწილი ექსპერიმენტების ჩატარებაც.