სამომხმარებლო სესხების ვადა სამ წლამდე შემცირდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს ფიზიკური პირების დაკრედიტების ტემპის შემცირების მიზნით, ახალი გადაწყვეტილება მიიღო. სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადიანობა, რაც ამჟამად 4 წლით არის განსაზღვრული, 3 წლამდე შემცირდება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძის განცხადებით, სამომხმარებლო კრედიტების მაქსიმალური ვადის შეზღუდვა 15 აგვისტოდან ამოქმედდება.

„სამომხმარებლო სესხების ჭარბი ზრდის ინფლაციაზე დამატებითი ზეწოლის შემცირების მიზნით, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადის შემცირება. აღნიშნული ცვლილების გავლენის, გაანალიზებისა და საბანკო სექტორთან განხილვის შედეგ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადის სამ წლამდე შემცირების თაობაზე. აღნიშნული ცვლილება შევა ძალაში 15 აგვისტოდან და ამ ეტაპზე ის ძალაში იქნება ერთი წლის განმავლობაში“, – განაცხადა გვენეტაძემ.

ასევე მან აღნიშნა, რომ გადაწყვეტილების მიღება მოხდა სამომხმარებლო სესხზე გაზრდილი მოთხოვნის გამო.