ჯანდაცვის მინისტრმა ბრძანება გამოსცა იმ პირობების შესახებ, რის შესაბამისადაც დევნილ ოჯახებზე საცხოვრებელი ფართის ნაცვლად ფულადი კომპენსაცია გაიცემა

დევნილი ოჯახები, რომლებიც სახელმწიფოსგან საცხოვრებელი ფართის სანაცვლოდ ფულად კომპენსაციას მოითხოვენ, თანხას განაცხადების მიღების დასრულებიდან 45 კალენდარული დღის განმავლობაში მიიღებენ.

 

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მიხეილ სარჯველაძის ბრძანებაშია აღნიშნული, სადაც დადგინდა ის პირობები, რის შედეგად ოჯახებს სახელმწიფოსგან თანხა გამოეყოფათ.

 

ბრძანების თანახმად, კომპენსაცია გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ოჯახებს არ უსარგებლიათ დევნილის გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის რომელიმე სახელმწიფო პროგრამით და განაცხადში მოცემული ინფორმაცია ოჯახის შემადგენლობის შესახებ შეესაბამება მონიტორინგის შედეგად დადგენილ რეალურ ვითარებას.

 

ამასთან, აღნიშნულია, რომ კომპენსაციით უზრუნველყოფის მიზნით დევნილი ოჯახი ავსებს სპეციალურ განაცხადის ფორმას. განაცხადების მიღების ვადებს, მონიტორინგს დაქვემდებარებული ოჯახების რაოდენობასა და რიგითობას ყოველწლიური საბიუჯეტო ასიგნებების გათვალისწინებით ადგენს შესაბამისი კომისია.

 

ბრძანება იურიდიულ ძალას 2026 წლის 15 ოქტომბრიდან იძენს.