ჩეხეთის პარლამენტმა ნატოში ფინეთისა და შვედეთის მიღებას დაუჭირა მხარი

ჩეხეთის პარლამენტის ქვედა პალატამ ხმათა უმრავლესობით ნატოში ფინეთისა და შვედეთის მიღებას დაუჭირა მხარი. ამის შესახებ ინფორმაცია საკანონმდებლო ორგანოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

მანამდე ანალოგიური გადაწყვეტილება ჩეხეთის პარლამენტის ზედა პალატამაც მიიღო. ახლა შეთანხმებების რატიფიკაციის შესახებ პროტოკოლებს ხელი უნდა მოაწეროს ქვეყნის პრეზიდენტმა, მილოშ ზემანმა. მისმა წარმომადგენელმა უკვე განაცხადა, რომ ზემანი მხარს უჭერს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოების გეგმებს.

ნატოში ფინეთისა და შვედეთის გასაწევრიანებლად ალიანსის 30-ვე წევრი ქვეყნის თანხმობაა საჭირო. ამ ეტაპზე ალიანსის გაფართოებას მხარი უკვე დაუჭირა 20-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა, გერმანიამ და საფრანგეთმა.