რუსთავში, ჭყონდიდელის დასახლებაში,15 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე, ახალი რეკრეაციული სივრცე გაშენდება.
მულტიფუნქციური სკვერი რჩეულიშვილის ქუჩაზე მოეწყობა და ერთ-ერთია 14 მილიონი ლარის ღირებულების იმ ახალი პროექტებიდან, რომელთა განხორციელებაც, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ სულ ცოტა ხნის წინ დააანონსა.
ქალაქის მერმა პროექტი, მოადგილე ბესიკ ტოგონიძესთან და საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების’’ წევრებთან ერთად, კიდევ ერთხელ ადგილზე განიხილა.
ნინო ლაცაბიძე ჯავახიშვილის #1 და რჩეულიშვილის #2 კორპუსების მოსახლეობასაც შეხვდა, სადაც ამ ეტაპზე შენობების გამაგრება-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
ახალ სკვერში, სპორტული და საბავშვო მოედნები, ფილებით მოპირკეთებული საფეხმავლო ბილიკები, თანამედროვე გარე განათება, სარწყავი სისტემა, მწვანე სივრცეები, დასასვენებელი ზონები, ასევე, რჩეულიშვილის ქუჩიდან სკვერის გავლით, გრანელის ქუჩაზე ჩასასვლელი კიბე მოეწყობა.
განხორციელდება დენდროლოგიური პროექტიც, რომლის ფარგლებში, ტერიტორიაზე სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები დაირგვება.
ტენდერი, სამუშაოების შემსრულებლის გამოსავლენად, რუსთავის მუნიციპალიტეტმა უკვე გამოაცხადა.
პროექტისთვის 1 688 134 ლარია გათვალისწინებული.