დმანისის თეატრმა ზინაიდა კვერენჩხილაძის 90 წლის იუბილე აღნიშნა

     საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, ასევე, ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციისა და დმანისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის ორგანიზებით, გამოჩენილი ქართველი არტისტის, ზინაიდა კვერენჩხილაძის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
   ,,გამოჩენილი ქართველი სახალხო არტისტის სახელის უკვდავსაყოფად დმანისის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩას ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელი მიენიჭება. მოხარული ვარ, რომ შეგვიძლია პატივი მივაგოთ ღვაწლმოსილ ადამიანებს, არ მივცეთ მათი შემოქმედების დავიწყების საშუალება მომავალ თაობებს და უკვდავყოთ მათი სახელები.
ვიმედოვნებ, რომ რეგიონის მასშტაბით მომავალშიც გაგრძელდება მსგავსი კულტურული ღონისძიებების ჩატარება” – გიორგი დოხტურიშვილი.
სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა ახალი ცხოვრება დაიწყო. ახალგაზრდა მსახიობებისგან ჩამოყალიბდა მუდმივმოქმედი დასი; თეატრს გამოეყო დაფინანსება სადადგმო ხარჯისათვის; მიმდინარეობს მუშაობა შენობის რეკონსტრუქციისათვის. თეატრის ახალ სამხატვრო ხელმძღვანელთან, გიორგი სიხარულიძესთან თანამშრომლობით კი, სამინისტრო აქტიურად მუშაობს თეატრის წინაშე მდგარი გამოწვევების აღმოფხვრაზე.
    ზინაიდა კვერენჩხილაძის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ საღამოს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი, დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ყულიაშვილი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.