სკოლებში უცხო ენის სწავლების წესი იცვლება

საჯარო სკოლებში, დღეს არსებულის გარდა, სხვა უცხო ენების სწავლების უფლება იმ პედაგოგებსაც ექნებათ, ვისაც კომპეტენცია საგნის გამოცდით არ დაუდასტურებიათ. ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის საკითხი პირველი მოსმენით განიხილეს პარლამენტის განათლების კომიტეტის 15 სექტემბრის სხდომაზე და მხარიც დაუჭირეს.

საკანონმდებლო წინადადება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძემ წარმოადგინა.

მისი განმარტებით, ცვლილება ეხება სკოლებში უცხო ენების სწავლებას. პედაგოგთა საგნის გამოცდით სერტიფიცირება კი დღეს მხოლოდ ინგლისური, გერმანული, რუსული და ფრანგული ენის სპეციალისტებს შეუძლიათ ეს იმ ფონზე, როცა სკოლებში უკვე გაჩნდა შესაძლებლობა, რომ მსურველმა მოსწავლეებმა სხვა უცხო ენა აირჩიონ. (იტალიური, ესპანური, ჩინური, იაპონური ავტ.).

„ეს სქემა სკოლას აძლევს საშუალებას, მიიღოს მოწვეული მასწავლებელი, რომელიც ასწავლის ამ განსხვავებულ საგნებს, თუმცა, წარმოდგენილი კანონპროექტით გვინდა, რომ შევთავაზოთ ალტერნატიული გზა, რაც გულისხმობს იმას, რომ შესაბამისი საერთაშორისო სერტიფიკატის წარმოდგენის შემთხვევაში, პირი გათავისუფლდეს ამ საგნის გამოცდის ვალდებულებისაგან და იგი ამ სახით შევიდეს მასწავლებლის პროფესიაში“, – თქვა განათლების კომიტეტის სხდომაზე ვალერიან გობრონიძემ.

ვალერიან გობრონიძემ ასევე განმარტა, რომ მასწავლებლის გამოცდილება სკოლაში გამართული კონკურსის საფუძველზე შეიძლება გაირკვეს.

„საგანმანათლებლო დაწესებულება ადგენს, კონკურსის პირობებში რომელ კანდიდატს მისცემს უპირატესობას. გარდა ამისა, რეგულაცია, რომელიც შემოდის, ამ პირებს, რომლებიც მანამდე მუშაობდნენ მოწვეულ პედაგოგად და რომელზედაც არ ვრცელდებოდა მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემა, უკვე მოექცევიან ამ რეგულაციის ფარგლებში და მათზე გავრცელდება ყველა ის რეგულაცია, რომელიც ამ კანონქვემდებარე აქტით (მასწავლებლის სქემით ავტ.) არის დადგენილი“, – აღნიშნა განათლების მინისტრის მოადგილემ.