დიდ დიღომში ქალის მკვლელობის საქმეზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარუდგინა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 6 ოქტომბერს, თბილისში, მირიან მეფის გამზირზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში, უცხო ქვეყნის მოქალაქემ ურთიერთშელაპარაკებისას დაზარალებულს დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა, რომლის შედეგად იგი ადგილზე გარდაიცვალა.

მათივე ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული 7 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.