Tesla-მ ელექტროტრაილერების წარმოება დაიწყო და პირველ მანქანებს Pepsi-ს დეკემბერში მიაწვდის

 

მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულმა ავტომწარმოებელმა, ამერიკულმა Tesla-მ დიდი ხნის წინ დაანონსებული ელექტროტრაილერების, Semi Truck-ების წარმოება დაიწყო – მათი პირველი მომხმარებელი კი მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კონგლომერატი, ამერიკული Pepsi იქნება.

ამის შესახებ Tesla-ს აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა Twitter-ში დაწერა.

მილიარდერის განცხადებიდან ვიგებთ, რომ ელემენტების ერთი დამუხტვით, Tesla-ს ელექტროტრაილერი 800 კილომეტრის გავლას შეძლებს.

აღნიშნული ელექტროტრაილერების მისაღებად Pepsi-ს ძალიან დიდი ხნით მოცდა დასჭირდა, რადგან ასი ერთეული ავტომობილი კომპანიამ Tesla-ს ჯერ კიდევ 2017 წელს დაუკვეთა. იმ დროს არსებული ინფორმაციით, ელექტროტრაილერების წარმოება კომპანიას 2019 წელს უნდა დაეწყო, თუმცა პანდემიის , მიწოდების ჯაჭვში არსებული შეფერხებებისა და სხვა პრობლემების გამო, აღნიშნული პროცესი რამდენიმეჯერ შეჩერდა და გადაიდო.