რუსთავის საკრებულოს სხდომათა დარბაზში საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა

რუსთავის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს, საფინანსო–საბიუჯეტო კომისიის სხდომის ფორმატში, მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილეს.

სხდომას საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ჯუბა მგელაძე უძღვებოდა.

სხდომის ფარგლებში დეპუტატებმა მომავალი წლის ფინანსური დოკუმენტი მერის მოადგილეებთან ერთად განიხილეს.მანამდე, კომისიის წევრებმა, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებლისგან, მამუკა მამაიაშვილისგან, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ცხრა თვის შესრულების ანგარიში მოისმინეს.

ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის მთლიანი მოცულობა 84 მილიონ 598,4 ათასი ლარით განისაზღვრა. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, პრიორიტეტი ინფრასტრუქტურულ, სოციალურ, სტუდენტურ პროგრამებს ენიჭება.

როგორც სხდომაზე, საკითხის წარმდგენმა, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, მამუკა მამაიაშვილმა განმარტა, ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის 11 მილიონ 526 ათასი ლარი, ხოლო 7 მილიონ 530,9 ათასი ლარი ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების განხორციელებისთვის დაიგეგმა. ბიუჯეტი ქონების ნაწილში 10 მილიონ 700 ათასი ლარით განისაზღვრა. გარემოს დაცვის მიმართულებით, ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის 8 მილიონ 347,8 ლარი არის გათვალისწინებული.

ფინანსურ დოკუმენტთან დაკავშირებით თავისი მოსაზრებები და შენიშვნები გამოთქვეს, როგორც ფრაქცია „რუსთავი საქართველოსთვის“ ასევე ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კომისიის წევრებმა.

სხდომაზე, თავისი წინადადებებით და გამოკვეთილი პრიორიტეტული პროგრამების ნუსხით წარსდგნენ ფრაქციები „რუსთავი საქართველოსთვის“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრობა.“ მათივე განცხადებით, მიმდინარე წლის ფინანსურ დოკუმენტს იმ შემთხვევაში ექნება მათი მხარდაჭერა, თუ აღნიშნული ფრაქციების წინადადებები იქნება ასახული 2023 წლის ბიუჯეტში.

სხდომაზე წარმოდგენილი 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი კომისიის წევრთა ხმათა უმრავლესობით შემდგომი განხილვისთვის საკრებულოს ბიუროს გადაეცა.