ბათუმის ბულვარში განთავსებული ბატუტის მფლობელს, 65 წლის ედუარდ აბრამიანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
სასამართლო პროცესი ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს, 15 მარტს გაიმართა.
გამოძიება ბრალდებულს გასაბერი ბატუტის უსაფრთხოების წესების დარღვევას ედავება. გამოძიება ასევე აცხადებს, რომ სწორედ ედუარდ აბრამიანს ეკისრება პასუხისმგებლობა ბატუტის უსაფრთხოებაზე, დაკავებულის ადვოკატი კი ამბობდა, რომ 30 წლის განმავლობაში უსაფრთხოების საკითხი არასდროს დამდგარა ეჭვქვეშ.
როგორც პროკურორმა თორნიკე გოგეშვილმა განაცხადა, „ედუარდ აბრამიანს ამ სფეროში გარკვეული გამოცდილება აქვს და ვალდებულება ჰქონდა, სრულად დაეცვა ექსპლუატაციის წესები, რაც მან უგულებელყო“.
სასამართლო პროცესზე მოსამართლეს ბრალდებულის ადვოკატმა მიმართა:
„ძალიან განიცდის, არც საჭმელი მინდა და არც თავისუფლებაო, იზოლატორში როცა ვნახე. ის ათეულობით წელი იყო სამოქალაქო ავიაციაში, იყო პილოტი“, – აღნიშნა ადვოკატმა ილია ლომიამ.
პროცესზე სიტყვით ისარგებლა თავად ბრალდებულმაც:
„ორი დღეა ვფიქრობ. რაღაცაში არ ვარ მართალი“, – თქვა ედუარდ აბრამიანმა სასამართლო სხდომაზე.
როგორც ცნობილია პროკურორმა თორნიკე გოგიშვილმა მათ ვერ დაუსახელა კონკრეტული სამართლებრივი აქტი, რომლითაც უშუალოდ ბრალდებულის პასუხისმგებლობა დგინდება:
„ბრალდებულმა მიაწოდა ინფორმაცია გამოძიებას, ასევე, სხვა პირებიც არიან გამოკითხული, დათვალიერებულია შემთხვევის ადგილი. ამ მტკიცებულებებით ობიექტურად დასტურდება, რომ მოცემულ შემთხვევაში ბატუტი არ იყო სრულყოფილად მიმაგრებული მიწის მყარ ზედაპირს და ამან გამოიწვია ბატუტის მოწყვეტა… ბრალდებულს ჰქონდა მოწყობილი ეს ბატუტი, ის ახორციელებდა სამეწარმეო საქმიანობას და, ბუნებრივია, ამ ბატუტის უსაფრთხოებაზე, პირველ რიგში, ის იყო პასუხისმგებელი“, – განუცხადა პროკურორმა მედიას.
ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ედუარდ აბრამიანს 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის.
შეგახსენებთ 12 მარტს ძლიერმა ქარმა გაიტაცა ბათუმის ბულვარში დამონტაჟებული ბატუტი, რომელზედაც ბავშვები იმყოფებოდნენ.
შემთხვევის შედეგად დაშავებული 10 წლის მოზარდი კლინიკაში გარდაიცვალა, მისი 3 წლის ძმა კი თურქეთში სამკურნალოდ გადაიყვანეს.