ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი აცხადებს, რომ ინფლაციის შემცირების ტენდენცია პროგნოზს მიჰყვება. მისივე თქმით, საყურადღებო საკითხის ხელფასების უფრო მაღალი ზრდა, ვიდრე პროდუქტიულობის, რაც პოტენციურად ინფლაციაზე ზეწოლის გამომწვევია.
“რაც შეეხება ინფლაციას, ჩვენ პიკი 2021 წელს გავიარეთ, როგორც პროგნოზირებადი იყო, ინფლაციას შემცირების ტენდენცია აქვს, თუ რამე განსაკუთრებული შოკი არ გამოიკვეთა, ეს შემცირების ტენდენცია უნდა გაგრძელდეს. ეს პროგნოზირებული იყო და ამ პროგნოზს მიჰყვება.
მოლოდინები ბოლო პერიოდში გაუმჯობესებულია, ჩვენს მოლოდინებზე გავლენას გაცვლითი კურსი და ინფლაციის დინამიკა ახდენს. თვის ბოლოს, 29 მარტს მონეტარული პოლიტიკის სხდომა გვექნება და იმ მომენტში არსებული ინფორმაციის საფუძველზე, ინფლაციასთან დაკავშირებულ პროგნოზს გამოვაქვეყნებთ.
რაც შეეხება ხელფასებს, ერთ-ერთი ფაქტორი, რაც ჩვენთვის საყურადღებოა, ეს არის ხელფასების უფრო მაღალი ზრდა, ვიდრე პროდუქტიულობის ზრდა, რომელიც პოტენციურად ინფლაციაზე ზეწოლის გამომწვევია, თუმცა იგივე სხვა ქვეყნებშიც ხდება. მოლოდინების კუთხით, ეს ტენდენცია იცვლება ისეთი დინამიკა აღარ გვაქვს, როგორიც ადრე იყო. ამავე დროს, ჩვენ დავაკვირდებით, როგორ იცვლება პროდუქტიულობა. იმედია, ეს ტემპი შემცირდება და ინფლაციის ზრდის რისკი მომავალში არ იქნება”, – აღნიშნა არჩილ მესტვირიშვილმა.