გარდაბანში სახალხო დღესასწაული „ნოვრუზ ბაირამი“ აღინიშნა

19 მარტს, ქალაქ გარდაბანში სახალხო დღესასწაული „ნოვრუზ ბაირამი“ აღინიშნა.

ღონისძიება კულტურისა და დასვენების პარკში გაიმართა, რომლის ფარგლებშიც მოეწყო საგამოფენო სივრცეები, გასტრონომიული კუთხე, ჩემპიონატი ნარდსა და შაშში.

„დღეს, სამწლიანი პაუზის შემდეგ, ჩვენი მუნიციპალიტეტი ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს აღნიშნავს. ნოვრუზ ბაირამი განახლების, ახლის საწყისის და იმედების დღესასწაულია. მინდა მივულოცო ჩვენს აზერბაიჯანელ ძმებს, ჩვენს თანამოქალაქეებს.
ჩვენი მუნიციპალიტეტი სხვადასხვა ეროვნებისა და რელიგიის წარმომადგენლების ერთიანი თანაცხოვრების საუკეთესო მაგალითს წარმოადგენს. ჩვენ ჭირშიც და ლხინშიც ერთად მოვდივართ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ერთიანობა მომავალშიც შენარჩუნდეს.“ – აცხადებს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი, დავით კარგარეთელი.

საზეიმო ღონისძიებას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, მისი პირველი მოადგილე გიორგი შინჯიკაშვილი, მოადგილე კახა კობერიძე, რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, მარნეულისა და გარდაბნის ცხრა თემის მაჟორიტარი დეპუტატი ზაურ დარგალი, პარლამენტის წევრი სავალან მირზოევი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ, რომელთა მონაწილეობითაც გაიმართა სიმბოლურად ცეცხლის ანთების ცერემონიალი.

შეგახსენებთ ნოვრუზ ბაირამი გაზაფხულის შემოსვლის, ახალი წლის დღესასწაულია. ტრადიციის მიხედვით, ამ დღეს ყველა ოჯახში არის მწვანე ჯეჯილი, შეღებილი კვერცხები და ტკბილეული.

ნოვრუზ ბაირამი საქართველოში საერთო სახალხო დღესასწაულის სახით 2010 წლიდან აღინიშნება.