,,ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრაზე ვიმსჯელეთ, რომ საქართველოს მდგომარეობა არ შეიძლება, განხილული იყოს იმავე კონტექსტში, როგორც სხვა ქვეყნების მდგომარეობა”- ლევან დავითაშვილი

ვიმსჯელეთ იმაზე, რომ საქართველოს მდგომარეობა, საქართველოს სიტუაცია არ შეიძლება განხილული იყოს იგივე კონტექსტში, როგორც სხვა ქვეყნების მდგომარეობა, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, შეხვედრაზე ძალიან ღია და გულწრფელი დიალოგი იყო იმ საკითხებზე, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის აქტუალურია.

„ჩვენ გვქონდა ძალიან ღია, გულწრფელი დიალოგი იმ საკითხებზე, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის დღეს აქტუალურია. ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა გამოთქვეს თავისი მოსაზრება საქართველოში ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით და ზუსტად ეს იყო ძირითადი განხილვის საგანი, თუმცა ჩვენ ზოგადად არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაზე ვიმსჯელეთ, ვიმსჯელეთ იმაზე, რომ საქართველოს მდგომარეობა, საქართველოს სიტუაცია არ შეიძლება განხილული იყოს იგივე კონტექსტში, როგორც სხვა ქვეყნების მდგომარეობა. საქართველოს განსაკუთრებით რთული მდგომარეობა აქვს, საქართველოს აქვს პირდაპირი საზღვარი რუსეთის ფედერაციასთან და საქართველოს ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული ასე რომ, საქართველოს კონტექსტი განსხვავდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების კონტექსტისგან, ამაზე ღია საუბარი იყო ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან. ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი ქვეყნის ელჩისათვის ეს აბსოლუტურად გასაგები და ლოგიკურია. ჩვენ ასევე შევეხეთ, ზოგადად ამ გეოპოლიტიკურ ვითარებაში სანქციების აღსრულების და შესრულების საკითხებს, მათ შორის იმაზე, რომ ჩვენ გვექნება დამატებით სამი ახალი დაკავშირების პუნქტი რუსეთის ფედერაციასთან. დღეს იცით, რომ ძირითადი საზღვარი გვაქვს ლარსში და აქ ხდება საბაჟო კონტროლი მკაცრად და ამას ყველა ხაზს უსვამს. საქართველო არის სანდო პარტნიორი საერთაშორისო თანამეგობრობის, სანქციების აღსრულების ნაწილში. თუმცა სამი ახალი დაკავშირების პუნქტი გვიჩნდება, თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში, აქ ჩვენი მხრიდან, რა თქმა უნდა, არსებობს მზა პოზიცია. ისევე როგორც უმაღლეს დონეზე ხდება სანქციების აღსრულება ლარსის საბაჟო-გამსვლელ პუნქტზე, ასევე იქნება დამატებითი საბაჟო კონტროლი ამ აეროპორტებშიც. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს გავუზიარეთ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ლევან დავითაშვილის განმარტებით, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში განსხვავებული დამოკიდებულებაა რუსეთთან სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებით.

„ასევე ვისაუბრეთ იმაზე, რომ ცალსახა არ არის პოზიციები დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდანაც სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებით. ჩვენთვის ძალიან საინტერესო იყო თუ როგორია პროგნოზი, როგორი იქნება დამოკიდებულება სავაჭრო ურთიერთობებთან დაკავშირებით. თქვენ იცით, რომ ზოგიერთი ქვეყანა მნიშვნელოვნად მეტად ვაჭრობს რუსეთის ფედერაციასთან ომის დაწყების შემდეგ. 2022 წელს ევროკავშირის რუსეთის ფედერაციასთან ვაჭრობა 5 მილიარდი ევროთი გაიზარდა, ზოგიერთი ქვეყნის გასამმაგებულია, ზოგიერთ ქვეყნის შემცირებულია, რა თქმა უნდა. ამიტომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ევროპელებთან გვქონდეს მკაფიო, ღია და გულწრფელი დიალოგი თითოეულ საკითხზე და ეს მე ვფიქრობ, რომ სწორად არის შეფასებული და დაფასებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან. რა თქმა უნდა, ჩვენ შეიძლება გვქონდეს აზრთა სხვადასხვაობა ზოგიერთ საკითხზე, მაგრამ ჩვენი მდგომარეობა არ შეიძლება გაიგივებული იყოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მდგომარეობასთან. ჯერ ერთი, საქართველო ჯერ კიდევ არ არის ევროკავშირის წევრი, ევროკავშირის წევრობის განაცხადი გავაკეთეთ და გვაქვს მნიშვნელოვანი პროგრესი ამ მიმართულებით. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს პროგრესი ადეკვატურად დაფასდება ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან, მაგრამ ისიც უნდა იყოს გათვალისწინებული, რომ საქართველოს კონტექსტი არის მართლაც განსხვავებული, ჩვენი მდგომარეობა სპეციფიკურია, ეს იქნება უსაფრთხოების კუთხით თუ ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.