რეჯეფ ტაიპ ერდოღანის მიწვევით, ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება

თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიას პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით საქართველოს დელეგაციაც დაესწრება – ამის შესახებ თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ განაცხადა.

ელჩის თქმით, ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიას მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის ლიდერი დაესწრება:

„თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის მიწვევით ანკარაში საზეიმო ღონისძიებებს დაესწრება საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით.

გაიმართება ინაუგურაციის საზეიმო ცერემონია, რომელსაც დაესწრება მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის ლიდერი.

მათ შორის აღსანიშნავია აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ბულგარეთის პრეზიდენტი, მონტენეგროს პრეზიდენტი, ალბანეთის პრემიერ-მინისტრი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ასევე ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნების ლიდერები. ასევე, შუა, ცენტრალური აზიის და შორეული აზიის ქვეყნების ლიდერები.

როგორც მოგეხსენებათ, თურქეთი არის ჩვენი მეზობელი ქვეყანა, ჩვენი მეგობარი ქვეყანა და ასევე სტრატეგიული მოკავშირე“, – განაცხადა გიორგი ჯანჯღავამ.

ცნობისათვის, თურქეთის პრეზიდენტის ინაუგურაცია დღეს იმართება.