პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით 4 პირი დააკავა

პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით 4 პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეები.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა უცხო ქვეყნის ორმა მოქალაქემ ადამიანებით ვაჭრობის გეგმა შეიმუშავა, აღნიშნული გეგმის სისრულეში მოყვანისა და შრომითი ექსპლუატაციის გაწევის მიზნით, დაზარალებულებს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით თბილისში სხვადასხვა ადგილას მოწყალების თხოვნას აიძულებდნენ, ამ გზით მოპოვებულ ფულად თანხას კი ისაკუთრებდნენ.

„იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებულები ბრალდებულების მოთხოვნებს არ დაემორჩილებოდნენ, მათ სიტყვიერად და ფიზიკურად უსწორდებოდნენ.

დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებაში მათ დახმარებას უწევდა 2 პირი, რომლებიც დაზარალებულების „სამუშაო“ ლოკაციებზე გაყვანასა და შემდგომ უკან მოძალადეებთან დაბრუნებას უზრუნველყოფდნენ. ასევე, დღის განმავლობაში მათ გაკონტროლებას და ზედამხედველობას.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მეორე და მესამე ნაწილით მიმდინარეობს.

დანაშაული 12-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.