ბრუნო მარსის კონცერტს თბილისში 50 ათასამდე მაყურებელი დაესწრო

„დინამო არენაზე“ მსოფლიო მუსიკალური სამყაროს ვარსკვლავის, ბრუნო მარსის კონცერტი გაიმართა. 2 საათის განმავლობაში მუსიკოსმა საკუთარ ბენდთან ერთად ცნობილი ჰიტები შეასრულა. ასევე წარმოადგინა ძველი მსოფლიო ჰიტების მისეული მუსიკალური ვერსიები.

ბენდმა ქართველ მსმენელს საჩუქარი გაუკეთა – კონცერტზე რევაზ ლაღიძის „თბილისო“ აჟღერდა. ბისზე ბრუნო მარსმა კიდევ ერთი მსოფლიო ჰიტი – Uptownn Funk შეასრულა.

გრანდიოზულ შოუ-კონცერტს 50 ათასამდე მსმენელი დაესწრო, მათ შორის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

ბრუნო მარსის კონცერტით პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული კამპანიის „სთარინგ ჯორჯიას“ წლევანდელი ღონისძიებების სერია დასრულდა.

„ბლექ სი არენის“ გუნდის ორგანიზებით, ორწლიანი კამპანიის ფარგლებში, საქართველოს კიდევ არაერთი მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავი ეწვევა.