ცესკო – 17:00 საათის მონაცემებით, საარჩევნო უბნებზე მივიდა 1 768 816 ამომრჩეველი

ცესკოს ინფორმაციით 17:00 საათის მდგომარეობით საარჩევნო უბნებზე მივიდა 1 768 816 ამომრჩეველი, რაც 50.6%-ს შეადგენს.

ამასთან, ცესკო-ს მონაცემებით, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 53,03%-ს შეადგენდა, 2016 წელს – 42,04%-ს, 2020 წელს კი –45,77%-ს.

”კენჭისყრა სრულდება 20:00 საათზე. ამ დროისათვის რიგში მდგომ ამომრჩევლებს შეუძლიათ ხმის მიცემა, რისთვისაც საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი აღრიცხავს რიგში მდგომ ამომრჩევლებს და  ისინი კენჭისყრაში მონაწილეობას შეძლებენ. 

კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება ხმის დათვლის პროცედურები.

იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს, გადასატან საარჩევნო ყუთში არსებული საარჩევნო ბიულეტენების ძირითად საარჩევნო ყუთში მოთავსების პროცედურის დასრულების შემდეგ, ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატიდან საუბნო კომისიის თავმჯდომარე ამობეჭდავს წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერს და ინფორმაცია უმოკლეს ვადაში გადმოიგზავნება ცესკოში. რის შემდეგაც ჩვენ გვექნება საშუალება აღნიშნული უბნებიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე გამოვაქვეყნოთ წინასწარი, პირველად შედეგები. ამასთან, უნდა აღინიშნოს რომ გამჭვირვალობისა და სანდოობის უზრუნველყოფის მიზნით, ელექტრონულ უბნებზე ასევე გათვალისწინებულია ბიულეტენების ხელით დათვლა. ბიულეტენების დათვლის დროს კომისიის წევრები ახარისხებენ ნამდვილ და ბათილ ბიულეტენებს და მიღებულ შედეგს ადარებენ აპარატის მონაცემებს. კანონმდებლობა სხვა სახის მსჯელობას ე.წ. საეჭვო ბიულეტენებთან მიმართებაში არ ითვალისწინებს”, – განაცხადა ცესკოს პრესსპიკერმა ნათია იოსელიანმა.