ირაკლი კობახიძემ,სოფელ არხილოსკალოში ლაშა ბექაურის სახელობის ახლად აშენებული სპორტული კომპლექსი ოლიმპიურ ჩემპიონთან ერთად გახსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოში ლაშა ბექაურის სახელობის ახლად აშენებული სპორტული კომპლექსი ოლიმპიურ ჩემპიონთან ერთად გახსნა.
მთავრობის მეთაურმა დაათვალიერა თანამედროვე სტანდარტის სპორტული კომპლექსი და მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განხორციელებულ სამუშაოებს გაეცნო.
კომპლექსი მოიცავს 100 მაყურებელზე გათვლილ ძიუდოსა და ჭიდაობის დარბაზს, ასევე – ფიზიკური მომზადებისა და ძალოსნობის მულტიფუნქციურ დარბაზს.
შენობა უზრუნველყოფილია ცენტრალური გათბობისა და გაგრილების სისტემებით, სპორტსმენების გასახდელებითა და საშხაპეებით, გათვალისწინებულია დამოუკიდებელი ოთახები მწვრთნელების, მსაჯებისა და ექიმისათვის, აგრეთვე საკონფერენციო და ადმინისტრაციული პერსონალის სივრცეები.
თანამედროვე სტანდარტის სპორტულ კომპლექსში, სპორტსმენებისა და მოყვარულების ფიზიკური მომზადების გარდა, შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ტურნირებისა და შეჯიბრებების გამართვა.
მშენებლობის პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2 363 980 ლარით დაფინანსდა.
კომპლექსის გახსნის ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.