საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ქვეყანა კრიზისში შედის და მას ჰყავს არა დემოკრატიული, არამედ „ერთპიროვნული ხელისუფლება, რომელიც, პრაქტიკულად, ამ ქვეყნის ყველა ინსტიტუტს დაეუფლა“. პრეზიდენტმა ამის შესახებ მან დღეს, 11 ნოემბერს, ორბელიანების სასახლეში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელზეც ევროკავშირის ქვეყნების პარლამენტარების დელეგაცია ჰყავდა მიწვეული.
პრეზიდენტის თქმით, პარლამენტარები ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში იმყოფებიან იმისთვის, რათა ქვეყანას კრიზისიდან გამოსვლაში დაეხმარონ:
„ეს არის ქვეყანა, სადაც საზოგადოება არის ევროპული, დემოკრატიული და სამწუხაროდ, რომელსაც არ ჰყავს დემოკრატიული ხელისუფლება, რომელსაც ჰყავს ერთპარტიული ხელისუფლება, რომელიც დაეუფლა პრაქტიკულად ქვეყნის ყველა ინსტიტუტს და შედეგი მივიღეთ ამ არჩევნებში.
ესაა ერთპარტიულად მართული არჩევნები, ვიღაც სხვის დახმარებით, მაგრამ ერთპარტიულად მართული და გაყალბებული არჩევნები. ამიტომაა, რომ შევდივართ კრიზისში.
ვიცით, ცესკოს ხელმძღვანელის განცხადებებიდან გამომდინარე რა გადაწყვეტილებას მიიღებს, მოულოდნელობა არ შეიძლება, იყოს.
კრიზისი სახეზეა და ჩვენი მეგობრები აქ არიან, რომ ჩვენთან ერთად მოიპოვონ გზები, რითაც საქართველო გამოვა ამ კრიზისიდან. და გამოვა ამ კრიზისიდან, რაღაც მომენტში სამართლიანი ფორმით დავუბრუნდებით ახალ არჩევნებს იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს ლეგიტიმური პარლამენტი, ლეგიტიმური მთავრობა და ლეგიტიმური ახალი პრეზიდენტი, როცა ამის დრო მოვა.
ესაა ჩვენი გზა, ჩვენი გზა არის სტაბილურობის, დემოკრატიის და ევროპის გზა, სხვა გზა საქართველოსთვის არ არსებობს და ჩვენი მეგობრები, ვინც აქ არიან, ამაში არიან დარწმუნებული,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
დღეს ათონელის რეზიდენციაში, სალომე ზურაბიშვილმა უმასპინძლა გერმანიის, ფინეთის, შვედეთის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და პოლონეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებს. მათთან შეხვედრაზე უარი თქვა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.