საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა პირისპირ შეხვედრის შემდეგ, მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა საქართველოს მთავრობის მეთაურს საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის წარმატება სამხრეთ კავკასიაში მშვიდობას უზრუნველყოფს.
„საპარლამენტო არჩევნების შემდეგ თქვენი პირველი უცხოური ვიზიტი აზერბაიჯანში არის იმის სიმბოლო, რომ უმაღლესი დონის ურთიერთობები აკავშირებთ აზერბაიჯანსა და საქართველოს და მინდა, ამ გადაწყვეტილებისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ. თქვენი მთავრობის წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკა, მათ შორის, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ძალიან პოზიტიურად აისახება საინვესტიციო გარემოზე თქვენს ქვეყანაში, იწვევს ინვესტორებს და ინსპირაციის წყარო ხდება თქვენს ქვეყანაში კაპიტალდაბანდებისთვის, მათ შორის, აზერბაიჯანელი ინვესტორებისთვის. ორ ქვეყანას შორის წარმატებული თანამშრომლობა არსებობს ენერგეტიკის სფეროში. ჩვენ ვართ ძლიერი პარტნიორები. თქვენი პარტიის წარმატება უზრუნველყოფს იმ ფაქტს, რომ სამხრეთ კავკასიაში იქნება სტაბილურობა, თქვენი ძმების და მეგობრების რანგში გვახარებს თქვენი წარმატება, გისურვებთ წარმატებებს მომავალშიც“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტს ქართული დელეგაციის მაღალ დონეზე მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის პარტნიორობის მნიშვნელობას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში.
„ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ არჩევნებში გამარჯვების მოლოცვისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორობა იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება, სტაბილურობა ჩვენს რეგიონში და ამ თვალსაზრისით ჩვენი ორი სახელმწიფოს ურთიერთთანამშრომლობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. თქვენ ხართ გამორჩეული, მისაბაძი სამაგალითო ლიდერი. მისაბაძი და სამაგალითოა, როგორ ზრუნავთ აზერბაიჯანისა და აზერბაიჯანელი ხალხის ეროვნული ინტერესების დაცვაზე. აქედან გამომდინარე, თქვენთან სტუმრობა ჩვენთვის განსაკუთრებული პატივია.
ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა, სადაც ვისაუბრეთ როგორც ორმხრივ თანამშრომლობაზე, ასევე განვიხილეთ რეგიონში და გლობალურად მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. რა თქმა უნდა, ეს პოლიტიკური პროცესები გავლენას ახდენს ჩვენი ქვეყნების პოლიტიკურ პოზიციებზე და ამ კუთხითაც არის მნიშვნელოვანი ყველა გამოწვევასთან ერთობლივად გამკლავება. სამხრეთ კავკასიაში მშვიდობა და სტაბილურობა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ შეგვიძლია, დავაფიქსიროთ ჩვენი მზაობა, რომ მაქსიმალური წვლილი შევიტანოთ რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, რამდენადაც ეს ჩვენთვის იქნება შესაძლებელი. ჩვენ ველით პრეზიდენტ ალიევის ვიზიტს საქართველოში და გვაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ წელს გვექნება მისი მასპინძლობის საშუალება
ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ერთობლივი განცხადებების დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, საქართველოს მთავრობის მეთაურს, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალურ სადილზე უმასპინძლა.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.