საქართველოს რაგბის კავშირი განცხადებას ავრცელებს

საქართველოს რაგბის კავშირი ეხმაურება World Rugby-ს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც 2023 წლის საფრანგეთში გამართული მამაკაცთა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის წინ საქართველოს 15-კაცა ნაკრებში ანტი-დოპინგური წესების დარღვევის რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა.

განცხადების თანახმად, დარღვევების შედეგად, სხვადასხვა ვადით დისკვალიფიცირებული არიან ნაკრების ექვსი მოთამაშე და პერსონალის ერთი წევრი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, World Rugby-მ არასათანადო ქცევის ბრალდება წარადგინა საქართველოს რაგბის კავშირის მიმართაც.

 

“კავშირი დაეთანხმა მსოფლიო რაგბის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, შესაბამის ჯარიმასთან ერთად მიიღო ვალდებულება, განახორციელოს რეფორმა ანტი-დოპინგური განათლების მიმართულებით.

 

პროცესის დაწყების პირველივე დღიდან, საქართველოს რაგბის კავშირი სრულად და გამჭვირვალედ თანამშრომლობს მსოფლიო რაგბისთან. ანტი-დოპინგური განათლების რეფორმის ფარგლებში უკვე მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა, გატარებულია გამკაცრებული პრევენციული ღონისძიებები.

 

საქართველოს რაგბის კავშირი იღებს სრულ პასუხისმგებლობას, ქართულ რაგბში ანტიდოპინგური პროცესის გაუმჯობესებაზე და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რაგბი საქართველოში იყოს სუფთა, გამჭვირვალე და მსოფლიო რაგბის სტანდარტებთან სრულად შესაბამისი”, – წერია განცხადებაში.

 

ცნობისთვის, საქართველოს რაგბის ნაკრების ყოფილი კაპიტანი, მერაბ შარიქაძე 11 წლით დისკვალიფიცირდა საიდუმლო სქემაში მონაწილეობისთვის, რომელიც ეროვნული ნაკრების მორაგბეებს დოპინგ-ტესტების გაყალბებაში ეხმარებოდა.

 

6-წლიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა გიორგი ჭყოიძეს, 3-3 წლიანი – ლაშა ხმალაძეს, ოთარ ლაშხს და მირიანი მოდებაძეს და ცხრათვიანი – ლაშა ლომიძეს. ამასთან, 9 – წლიანი დისკვალიფიკაცია მიესაჯა საქართველოს გუნდის ყოფილ მთავარ ექიმს, ნუცა შამათავას.მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს გამოძიებამ დაადგინა, რომ საქართველოს ეროვნული ტესტირების სააგენტო საქართველოს ნაკრების ექიმს, ნუცა შამათავას, წინასწარ ატყობინებდა მოსალოდნელი ტესტების შესახებ, ხოლო ის ამ ინფორმაციას შემდეგ გუნდის საერთო ჩატში აზიარებდა.