შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის, საქართველოში შემოტანისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით 8 პირი დააკავეს.
დაკავებულებს შორის არიან, როგორც საქართველოს, ასევე, თურქეთისა და იაპონიის მოქალაქეები.
სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები, მათ შორის: ,,კოკაინი“, ,,მეთადონი” „ბუპრენორფინი“, „მეტამფეტამინი“, „ოპიუმი“, „ამფეტამინი“, „მარიხუანა“, მცენარე „კანაფი და 300 აბამდე „პრეგაბალინი“.
დაკავებულებს შორის არიან პირები, რომელთა მხილების მიზნით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ღონისძიების შედეგად, მათ სახელზე გამოგზავნილი ამანათების ჩანაცვლება განახორციელეს და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა, 19-260-ე, 261-ე, 19-262-ე და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.









