მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატით“ მკურნალობა, სავარაუდოდ, სექტემბერში დაიწყება

როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, ჯანდაცვის სამინისტრო გადაწყვეტილებას იმის მიხედვით იღებს, თუ რამდენად ეფექტიანია ესა თუ ის მედიკამენტი.

„ვადები ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მაგრამ საბედნიეროდ, იტალიური მხარე მართლაც ძალიან მოწადინებულია, რომ რაც შეიძლება სწრაფად განახორციელონ ის, რაც აუცილებელია უშუალოდ მკურნალობის დაწყებისთვის. ამას სჭირდება წინასწარ პროცესების მომზადება. დიდი დრო ნამდვილად არ იქნება საჭირო. ალბათ, საორიენტაციოდ, ეს იქნება ერთი თვე. დაახლოებით იგივე ვადა იქნება საჭირო მედიკამენტის იმპორტისთვის. რეალისტურია, რომ სექტემბერში რეალურად დაიწყოს მკურნალობა. ოპტიმისტური განწყობით, ალბათ, სექტემბრის დასაწყისი უნდა ვთქვათ და სექტემბრის განმავლობაში მკურნალობის პროცესი რეალურად დაიწყება. დაახლოებით ასეთია მოცემულობა „ჯივინოსტატის“ გამოყენებასთან დაკავშირებით“,-განაცხადა სარჯველაძემ.

რაც შეეხება საკითხს სხვა მედიკამენტების ეფექტიანობასთან დაკავშირებით, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, რამდენიმე მედიკამენტზე მიმდინარეობს მოლაპარაკება და ჯანდაცვის სამინისტრო ამ პროცესს აკვირდება.

„შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მედიკამენტის ეფექტიანობის დადასტურება, რომ გადაწყვეტილება მივიღოთ. ეს არის უმთავრესი ფაქტორი, რაზეც გადაწყვეტილებებს ვაფუძნებთ. პირადად ჩემთვის, 2024 წელს, როდესაც ამ თემაზე სამინისტრომ მუშაობა დაიწყო, ყველაზე საინტერესოდ პრეპარატი „ელევიდისი“ გამოიყურებოდა იმით, რომ ეს არის მედიკამენტი, რომელსაც მათ შორის განკურნების პოტენციალი მიეწერებოდა, თუმცა მხოლოდ ამაზე ეს დამოკიდებული არ გახლავთ. ბევრი დეტალი მოქმედებს გადაწყვეტილებაზე და ყველაფერს მხედველობაში მიღება სჭირდება სიფრთხილით, ყურადღებით და მთავარი ორიენტირით, რომ ეს იყოს სარგებლის მომტანი პაციენტებისთვის“,-განაცხადა სარჯველაძემ.

რაც შეეხება კითხვას, თუ რატომ შეიცვალა მედიკამენტის შემოტანის საკითხზე თავდაპირველი გადაწყვეტილება, ჯანდაცვის მინისტრმა განმარტა, რომ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტთან დაკავშირებით განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო აკადემიური სფეროს, სამედიცინო წრის და ბენეფიციარების თანამშრომლობა, რაც უწყებას მუდმივად ჰქონდა.

„ის, რომ შარშან ამ დროს არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, არ ნიშნავს იმას, რომ უარი იყო ნათქვამი. ასე ცდილობდნენ დიდი ხნის განმავლობაში ცალკეული ადამიანები ამ ვითარების წარმოჩენას, მაგრამ ასე არ იყო, პირიქით, ყოველთვის ხაზგასმით ვამბობთ, ჩვენ ვაკვირდებოდით პროცესს და როგორც კი მზად ვიქნებით იმისთვის, რომ ნაბიჯი გადავდგათ, მზადყოფნაც დაფიქსირდა“,- განაცხადა სარჯველაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, უდავოა, რომ ასეთ საკითხებში სიფრთხილე არის აუცილებელი, რადგან ზუსტი და სწორი აკადემიური შეფასება არის საჭირო.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის (DMD) მქონე პაციენტებისთვის ინოვაციურ მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ შეიძენს. მედიკამენტის მწარმოებელ კომპანია „იტალფარმაკოსთან” ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. სამინისტრომ პრეპარატი მართული შესვლის შეთანხმების (MEA)მექანიზმით შეიძინა და მისი მოწოდება საქართველოში უახლოეს პერიოდში დაიწყება. საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც შეიძენს ამ მედიკამენტს და შეიტანს მას დაავადების მართვის სახელმწიფო პროგრამაში. მედიკამენტი განკუთვნილია გადაადგილების უნარის მქონე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის პაციენტებისთვის 6 წლის ასაკიდან