სააგენტო Reuters-ის ცნობით, ბოლო მონაცემებით, ნეპალსა და ჩინეთში მომხდარ მასშტაბურ წყალდიდობას 496 ადამიანი ემსხვერპლა.
ორივე ქვეყანაში უგზო-უკვლოდ დაკარგულად თითქმის 1000 ადამიანი ითვლება. სტიქია ოთხშაბათს დილით მყინვარის ჩამოშლას მოჰყვა, რის შედეგადაც ჰიმალაის მთის მდინარეების სისტემებში კლდის, ყინულის, ტალახისა და ნამსხვრევების უზარმაზარი მასა დაიძრა.
ნეპალში სამაშველო ჯგუფები მძიმე ტექნიკის გამოყენებით ტალახსა და ნამსხვრევებში ეძებენ ადამიანებს იმ დასახლებებში, რომლებიც ორი დღის წინ უეცარმა წყალდიდობამ გაანადგურა. გადარჩენილების პოვნის იმედი მცირდება, პარალელურად კი ხელისუფლება ახალი კატასტროფული წყალდიდობის რისკის შემცირებას ცდილობს, იუწყება სააგენტო.
წყალდიდობამ სოფლებსა და ხეობებში გადაინაცვლა და გაანადგურა ელექტროსადგურები, გზები და ხიდები მარშრუტზე, რომელიც ნეპალის დედაქალაქ კატმანდუს ტიბეტის ქალაქ ლჰასასთან აკავშირებს და ტურისტებისა და მომლოცველებისთვის პოპულარულია. დაკარგულთა შორის სულ მცირე 540 უცხოელია.
ნეპალის ხელისუფლებამ გადარჩენილთა მოსაძებნად და ქალაქებსა და ხეობებში გარე სამყაროს მოწყვეტილი ათასობით ადამიანისთვის აუცილებელი დახმარების ჩასატანად ვერტმფრენები გამოიყენა. საგანგებო სამსახურების თანამშრომლებმა, მათ შორის მეძებარი ძაღლების დახმარებით, ათეულობით ცხედარი იპოვეს, რომლებიც წყალმა დაბლობებისკენ წაიღო